ომარ ხაიამი – ღვინო, დუდუკი, ქალები


აგერ, წიგნი ვიყიდე ძველი, ომარ ხაიამისა და ძალიან ვიხალისე მისი კითხვით, ზოგმა რობაინ კი ფიქრში ჩამაგდო… ვერსად ვიპოვე ელექტრონული ვერსია, ამიტომ გთავაზობთ ჩემს მიერ აკრეფილ ვარიანტს… იმედია იხალისებთ ჩემთან ერთად! [ასევე, იხილეთ PDF ფაილი ჩემს ბიბლიოთეკაში]

* * *

1.

მეჩეთში რომ ვართ, კვლავ ლოთები

განა არა ვართ,

განა ალაჰის იმედების

ანაბარა ვართ?

აქ ერთ დღეს მოლას სალოცავი

ნოხი მოვპარეთ,

ისევ მოვედით ახალ ნოხის

მოსაპარავად.

2.

შაბანის თვეში თუ დავთვერით,

ღმერთს ეწყინება,

დალოთებისთვის მან რეჯების

თვეც არ ინება.

კარგი, ბატონო, რამაზანის

თვეში დავთვრებით,

მაგრამ მაშინაც არ დაგვიწყოთ

ლანძღვა-გინება.

3.

ვინ გადაურჩა უცოდველი

დღეების დენას,

ვინც არ შესცოდა, როგორ შესძლო

მან თავის რჩენა?

მე რომ ცუდს ვშვრები და შენც, ღმერთო,

ცულად რომ მიხდი, –

შე დალოცვიო, ღმერთი ხარ, თუ

კაცი ხარ შენა?!

4.

მოთმენა ჩემი ღვინის ნდომით

უკვე იძლია,

ასეთი ვიყავ, ხასიათი

არ შემიცვლია.

ვეტრფი იმ წუთებს, როდესაც მწდე

მომაწვდის ღვინოს,

მაძალებს, მაგრამ მე დალევა

არ შემიძლია!

5.

თავს ვიმტვრევდი, ამოცანა

ვერ ამეხსნა ძნელზე ძნელი:

სუყველაფერს რა სჯობს ქვეყნად,

ახალია ის თუ ძველი?

ბრძენმა ყურში მითხრა: “რა და,

ხელით გეპყრას ქალის წელი

და გაგრძელდეს ერთი ღამე

ისე, როგორც ერთი წელი.”

6.

ვიღაც ოხერს და მამაძაღლს

ხოტბა სანამ უნდა უძნო,

ბუზი არ ხარ, საჭმელისთვის

მიეკედლო ვიღაც უცნობს.

იშიმშილე, შვილო, მაგრამ

მონად არვის არ დაუდგე,

სხვისი პურის ჭამას გიჯობს

შენი გულის სისხლი წუწნო!

7.

ღვინოვ, შვების ჩემის წყაროვ,

ჩემო გიჟო მეგობარო,

ოღონდ შენ გსვა და ვისაც ჰსურს,

მთათხოს: “ფუ, რა ბილწი ხარო!”

ომდენი ვსვა უნდა ღვინო,

რომ ისიც კი, ვინც მე მყვარობს,

მეძახოდეს: “ღვინის თიკო,

აქეთ საით ყოფილხარო?”

8.

ღვინო მინდა!… როცა ჩემს წინ

ჯამით ღვინო არის,

მე მგონია ჩემი თავი

დიდებულთა გვარის.

ჯერ მინდა, რომ გავეყარო

ჩემს რჯულსა და რწმენას,

მერე ვაზის ასულთან მსურს

დავიწერო ჯვარი.

9.

ო, ვის უნდ, რაში უნდა,

ყოფნა ამისთანა!

ერთი მოდის, მეორისთვის

ილესება დანა.

ჩვენი ბედი რომ იცოდე,

არშებილო ჯერე,

ქვეყანაზე დაბადებას

ისურვებდი განა?!

10.

მთვრალმა ბულბულმა გვინახულა

ბაღჩაში ჩვენა,

იხილა ჩვენი სიცილი და

კვილების ჩენა.

მოვიდა ჩემთან, მიჩურჩულა

ყურებში ჩუმად:

– წარსულ სიცოცხლეს ვერ აღიდგენ,

გაიგე შენა!

11.

არ ხამს გულებში მოწყენის ხემ

გაიდგას ფესვი,

მოდი, ვიკითხოთ წიგნი გულში

სიამის მთესი.

ხომ იცი უკვე, ჩვენი გზები

საით ყოფილა?

მაშ რას აყოვნებ, დრო ვატაროთ,

ჰა, ღვინო, შესვი!

12.

როგორც ჩქარი ნიაღვარი,

როგორც ქარი ველთა

გაქცეულან დღენი ჩვენი,

რაღა დაგვრჩა ხელთა.

სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლი

ორთა დღეთა გამო:

დღეთა ჯერეთ მოუსვლელთა და წარსულთა დღეთა!

13.

თენდება და მამალიც

ყივის, როგორც რიგია.

რა ატირებს? მწუხარე

განა უფრო იგია!

ვაი, როგორ გარბიან

ჩვენი ყოფნის დღეები,

მთელი ღამე წასულა,

ჩვენი კი არ გაგვიგია.

14.

ბედი ჭადრაკს თამაშობს,

ჩვენ კი ვგავართ პაიკებს.

ტყუილს კი არ გეუბნები,

მართალს ვამბობ გაიგე!

მთელი ჩვენი ცხოვრება

ერთი სათამაშოა,

დღე მოვა და აქედან

ბუდა-ნაბადს აიკრეფ!

15.

თენდება. ხარაბათიდან

მოძმე გვეძახის ასე:

“- აქეთ, ლოთებო, ვინცკი ხართ

ხელაღებული თავზე!

აავსეთ ღვინით ფიალა

მანამდე, სანამ ვინმე

ხელში ფიალად დაგვიჭერს,

პირამდე ღვინით სავსეს”.

16.

ჰეი, ლამაზო, ლამაზო,

ნუღარ დამაგდე ხელადა,

მეჩვენე ვარდი და დარდი

გულს მომეშვება ხელადა.

ერთი ხელადა ამივსე.

დავსხდეთ და ერთად დავლიოთ,

მანამდის, სანამ მოვკვდებით

და თვით გავხდებით ხელადა.

17.

ეცადე არვის ესროლო

ღვარძლის ლოდი და გუნდა,

გული საკუთარ ნაღველში

ამოგეგუდოს თუნდა.

მუდამ ეცადე, სიხარბე

რომ დაიოკო შენი.

უნდა ჯვარს ეცვა, მაგრამ სხვას

ვნება აშორო უნდა!

18.

როცა მოვკვდები, ანდერძს ვწერ,

ღვინით დამბანეთ მკვდარი.

შენდობაც ღვინით მითხარით,

ესენც ანდერძი არი.

და თუ მეორედ მოსვლის დღეს

ძებნას დამიწყებთ, ძმებო

მეძებეთ, სადაც აბია

ღვინის სარდაფის კარი.

19.

რადგან ხვალის იმედები

არ გვაქვს, მხოლოდ დღეს ვართ,

ნუ ვიდარდებთ, არ ეგების

წუხილი და კვნესა.

ჯობს ღვინო ვსვათ მთვარის შუქზე,

მთვარევ, რადგან მთვარე

კვლავ ამოვა, მაგრამ ჩვენ კი

ვერ გვიპოვის ვერსად.

20.

ბედისწერის ქვეშ დავყავი

ქვეყნად დრო და ჟამი,

დარდი ვეღარ მოვიცილე

თუნდაც ერთი წამით;

აფსუს, აფსუს, ვერ ავხსენი

გამოცანა სოფლის!

მივდივარ და თან მიმყვება

ნაღველი და შხამი.

21.

ხამს მიჯნური იყოს მთვრალი

სასმელით და ვნებით,

იყოს შმაგი, იყოს ხელი,

თუნდ კიცხავდნენ სხვები.

როცა არ ვსვამ, მისივდება

ნაღველისგან გული,

გულს ნაღველი ეშორება,

როცა ვსვამ და ვთვრები.

22.

ყურანი ხომ ღვთის წიგნია

და მორწმუნე ამ წიგნს

შიგადაშიგ თუ კითხულობს,

მე, ურწმუნო კაცი,

მის წარწერებს ვეწაფები

(როცა ღვინოს ვწრუპავ)

ჩამწკრივებულს ღვინის თასის

ტუჩის ქვეშ და გასწვრივ.

23.

ბატს შემოჩივლა ერთხელ თევზმა

გვალვაზე მწყრალმა:

“ამ ჩვენს გუბეში მოიმატოს

ნეტავი წყალმა!..”

ბატმა მიუგი – “ჩვენ თუ შეგვწვეს

მანამდე, კარგო,

ქვეყანა თუნდა წარღვნამ მოსპოს,

თუნდა ცეცხლის ალმა”.

24.

ღვინისა და ქალის ტრფობის

ცნებას ვინც კი იცავს,

ჯამს ვინც კოცნის და ვინც მხოლოდ

ღვინის სახელს ფიცავს,-

მას არა აქვს არც იმედი

და არც დასჯის შიში,

გაეთიშა იგი ჰაერს,

წყალს, ცეცხლსა და მიწას.

25.

გირჩევ ქვეყნად ძლიერ ცოტა

მეოგარი გყავდეს,

ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს,

ვინც კი დაგიზავდეს,

იქნებ ხალხში ის გფიცავდეს

მეგობრობას ნამდვილს,

მანდვილად კი მტერი იყოს,

საქმით დუშმანს ჰგავდეს.

26.

იმ სასახლეში, სადაც ბაჰრამს

ეჭირა ჯამი,

დღეს ტურფა ჰკივის. ხედავ, როგორ

იცვალა ჟამი!

ჰმ, იმ ადგილას, სანადირო

რომ ჰქონდა ბაჰრამს,

დღეს მიწას დარჩა სანადიმოდ

მაჰრამის გვამი.

27.

მოვიდა ნამი და ბალახი

აცრემლდა ნამით.

აბა, უღვინოდ ეს სიცოცხლე

რა გვინდა წამით!

წამოსხდეთ მოლზე, ღვინო ვსვათ და

ვილხიონოთ, კარგო,

სანამ სხვა მოვა და ჩვენს მოლზე

მოილხენს ამით.

28.

ვარსკლავთმრიცხველმა კაცის ბედზე

არა რა იცის.

ჩალის ფასია ფასი თვითონ

ცისა და მიწის.

იხარე, ქვეყნად ორიოდე

დღე ცოცხლოვ მხოლოდ,-

ბოლოს და ბოლოს არაფერი

არ არის ისიც.

29.

მერგუნა ქვეყნად მწუხარება,

დარდი და ძრწოლა,

მოვა დრო, მოვა სიკვდილი და

საფლავში წოლა.

ეს ორიოდე დღე რომ ვცოცხლობდთ,

ვილხინოთ მოლზე,

სანამ ჩვენ თვითონ გარდვიქცევით

მიწად და მოლად.

30.

მე ღმერთმა შემქმნა, როგორც იმას

ჰქონია წესად,

უნდა სცოდნოდა მას თავიდან,

რა თესლი სთესა.

მე რომ ვცოდავდი, განა ღმერთმა

ეს არ იცოდა?!

მაშ, ახლა რატომ მემეუქრება?

რასა ჰგავს ესა!

31.

საცოდავია, ვისაც ტრფობის

ჭირი და სნება

არ განუცდია, არ ჰქონია

ამისგან ვნება.

ვისაც ქვეყნად უცხოვრია

უსიყვარულოდ,

– მე ვცხოვრობდიო, – მას ამის თქმის

არა აქვს ნება.

32.

მოიტა ღვინო! მეფეთ მეფე

ღვინოა ჩვენი.

ავმღერდეთ ისე, – დავითის ქნარს

ადარონ სმენით.

არც მომავალზე, არც წარსულზე

არც ერთი სიტყვა!

ვიმხიარულოთ! მიზანი ხომ

ეს არის ჩვენი.

33.

ტურფავ, ღვინო მომაწოდე.

ორი რამე მინდა მხოლოდ:

ღვინო შევსვა და ზედ შენი

ტკბილი ბაგე დავაყოლო.

ღვინო! ღვინო მომიტანე,

რათა თავის შეკავების

აღთქმა შენი დალალივით

ქარს და ნიავს გავაყოლო!

34.

ცალი ხელით ღვინოს ვიჭერ,

ცალით ქალის დალალს.

თავს კი მათთან ბაღის მყუდრო

ხეივანში ვმალავ.

ბედთან საქმე მე არა მაქვს,

მე ღვინოს ვსვამ მხოლოდ

მანამ, სანამ ფეხზე ვდგავარ,

სამან მყოფნის ძალა.

35.

იმის ნაცვლად, მცირე სიბრძნე

რომ მესწავლა თუნდა, –

მომაღორა ბედმა უნდომ

და ტყუილის გუდან.

ეჰ, წლები, რაც უმიჯნუროდ

და უღვინოდ გაქრა,

აფსუს, ქვეყნად არსებობად

ჩამეთვალოს უნდა!

36.

სისულელეა ყველა ჯური

და ყველა რწმენა.

ბევრს კი ამაოდ ეცვითება

მუხლი და ენა.

აბა, მე გკითხავთ, თქვენ მითხარით:

– საიქიოში

ვინ წარიწყმიდა, ან ვის ერგო

სამოთხის ლხენა?

37.

ის, ვისი ნებით ქვეყნად შენი

გაჩენა მოხდა,

ისე მოგაშთობს, არ სჭირდება

ბოდიშის მოხდა.

ადექ და ღვინით მოირეცხე

ნაღველი, გულის

ადექ ია გულში ჩაიხუტე

გოგონა კოხტა!

38.

გვსურს თუ არა, გვსურს, ერთ დროს ყველა

დავხუჭავთ თვალებს.

წავალთ ამ სოფლით და წავიღებთ

ქვეყნიურ ვალებს.

დავლიოთ ერთად, მეგობრებო,

დავლიოთ ერთად!

ამ ქვეყნად გვიან მოვდივართ და

მივდივართ მალე.

39.

ჭეშმარიტება რომ შევიცნოთ,

ცოდნა არ გვყოფნის.

სისულელეა ფიქრი ამის

იმედზე ყოფნის.

მოდი, ძმობილო, დალიე და

დათვერი მაინც

არც ფხიზელს ძალუძს საიდუმლო

შეიცნოს სოფლის.

40.

ომარ, როგორ გეკადრება,

ინანებდე ცოდვებს,

რას მოიგებ დასჯის შიშით

რომ თრთოდე და ძრწოდე.

შენდობა ხომ ქვეყანაზე

ცოდვილთათვის არის,

შეგინდობენ. შენც ხომ მხოლოდ…

შენ ხომ მხოლოდ სცოდე!

41.

ბევრმა ქვეყნის შესაცნობად

გზა ვერ ნახა სწორი.

განა ცოტა დაბნეულა,

განა ერთი-ორი.

შენ ხომ იცი, ბოლოს მაინც

ცივი მიწა გველის,

დანარჩენი ყველაფერი

ჭორი არის, ჭორი!

42.

ერთმა ბრძენმა მომიწამლა

ერთხელ ძილი ტკბილი.

მითხრა: – “ძილში ვის უნახავს

მისი ვარდი შლილი.

რა უნდა ქნა შენ ისეთი,

რომ გადურჩე სიკვდილს.

შესვი! გელის სამარეში

სამუდამო ძილი”.

43.

დარდი შხამია, თრიაქი კი

ღვინოა მხოლოდ.

სვი ეს თრიაქი და შენს დარდებს

მოუღე ბოლო.

დაჯექ მწვანეზე, თორემ ისიც

კაცი ყოფილა.

დამიდასტურეთ, – ხომ ასეა,

მიწავ და მოლო?

44.

ჰე, ნოვრუზმა დილას ნამით

დაუბანა პირი,

დაამშვენა ეს ქვეყანა

ტრიალი და მწირი.

დაჯექ მოლზე და შენდობით

მოიგონე კაცი,

გუშინ შენებრ მოქეიფე

დღეს ბალახის ძირი.

45.

ვარდობის თვეში კარგი სუფრა

და ჩრდილში ლხენა,

გვერდობით კი ტურფა! ო, ამ სიტკბოს

ვერ იტყვის ენა.

აბა გასინჯე! ჯოჯოხეთი

შენ არ შეგაკრთობს

და არც სამოთხე მიგიზიდავს,

მერწმუნე შენა!

46.

გვერგო ცხოვრება აბეზარი,

მლაშე და ფლიდი.

გვაქვს ცრემლის გუბე, ჯეიჰუნის

წყალივით დიდი.

მარამი ჩვენი ჯოჯოხეთის

ცეცხლის მსგავსია.

სამოთხეში ვართ, წუთით მაინც

თუ დავრჩით მშვიდი.

47.

ვარდი ამბობდა: “ჩემებრ ტურფა

და გულის მძვრელი

ქვეყნად რა არის, მაგრამ მაინც

დაჭკნობას ველი”.

ბულბულმა უთხრა: “აბა, ერთ წელს

ვის უცინია,

ისე, რომ შემდეგ არ ეტირა

მრავალი წელი”.

48.

ლოთებს ელისო ჯოჯოხეთი

გულის მზარავი,-

მეც საყვედური ბევრი მითხრეს

დაუფარავი.

– როგორ? ჯოჯოხეთს ლოთს და მიჯნურს

თუ აგზავნიან,

მაშ სამოთხეში ვინ ჰყოლიათ?

– მგონი არვინ.

49.

მე არ ვიცი, რით გავჩნდი,

ეს მასალა რისია,

ჩემს იღბალზე მზე ნათობს,

თუ ნამდვილად ნისლია,

ღვინო, ქალი, ბარბითი,

მე ეს ნაღდი მომეცი

და თუ გინდა, აიღე

შენ სამოთხე – ნისია.

50.

განა მიტომ ვსვამ, რომ ვიგემო

სიტკბო და შვება,

ან დავივიწყო ჩემი რჯული,

დარდი და ვნება?

– არა! მე მინდა წუთით მაინც

ჩემს თავს მოვშორდე,

თავდავიწყება მენატრება,

თავდავიწყება!

51.

ეხ, ღვინო! ღვინო სულია და გულია ჩემი,

ყოველი რჯულის უარყოფა

– რჯულია ჩემი.

ბედის პატარძალს ვკითხე: “შენი

ურთავი რაა?”

თქვა: “მხოლოდ იგი, რომ შენ გახდე

სრულიად ჩემი”.

52.

დალიე-მეთქი! შავ მიწაში

მოგიწევს ძილი.

არც მეგობარი, არც მოკეთე,

სატრფო თუ შვილი!

გეტყვი სიმართლეს, არ დასჭირდეს

დავა და ცილი:

– დამჭკნარი ვარდი ვერ იხილო

ხელახლა შლილი.

53.

რაც არ უნდა აძაგონ,

ვამბობ, – ღვინო კარგია!

ვინც კი ამას უარყოფს,

ჭკუა დაუკარგია.

ზოგჯერ რასაც კრძალავენ,

სწორედ იგი გვჭირდება

და რასაც არ კრძალავენ,

ის არაფრად ვარგია.

54.

არც სინაგოგა, არც მეჩეთი,

არც ეკლესია, –

არ მწამს არც ერთი, მათი გმობა

ჩემი წესია!

მე არც სამოთხის იმედებით

ვყოფილვარ ქვეყნად,

არც ჯოჯოხეთის მოლოდინით

დამიკვნესია.

55.

თუკი გული სიყვარულით

არ გედაგვის შენ აქ,

სულერთია, რაც არ უნდა

გქონდეს ქვეყნად რწმენა.

ვინც მიჯნურთა დავთარშია,

არ მოელის იმას

არც წარყმედის განსაცდელი,

არც სამოთხის ლხენა.

56.

მდინარის პირას რომ დამდგარან

ტურფა ნაძვები,

მათ ნუ აწვები! ფრთხილად, მოლზე

როცა დაწვები!

იცი თუ არა, რომ ეს ნაძვი

ქალის ტანია,

რომ ეს ვარდები არის ტურფა

ქალის ღაწვები?!

57.

სარტფო, ვისთვისაც დღე და ღამე

მიკვნესის გული,

თვითონ გამხდარა დღეს მკვნესარე

და იღბალ-კრული.

რა ვქნა, არ ვიცი, როგორ ვთხოვო

მას – მომარჩინოს,

ვერ უწამლია როცა თვითონ

თავისი წყლული!

58.

თუ მოვკვდებით, სულ ერთია

ბაღდადი თუ ბალახი.

ღვინო გინდა თეთრი იყოს,

გინდა ფერად თალხი.

შესვი, ძმაო! არ ვიქნებით

ჩვენ ამ ქვეყნად, თორემ

სულ იქნება მზე და მთვარე,

სულ იბრუნებს ჩარხი.

59.

ყველა, – მოხუცი თუ ჭაბუკი,

– უკლებლივ ყველა,

მიდის იმ ქვეყნად, ზოგი ჩქარა

და ზოგი ნელა.

ე, ეს ბებერი საწუთრი რომ

არავი ინდობს!

მოვალთ და მივალთ, სიკვდილისაგან

არა გვაქვს შველა.

60.

ო, ეს ჯამი ერთხელ რომ

მოწიწებით გამოწვეს,

დამსხვრეულია და გზაზე

სწორედ ამის გამო ძევს.

ფრთხილად, ფრთხილად, თუ ძმა ხარ,

ხედავ, თავის ქალას ჰგავს.

ის, რომ ერთ დროს ეს კაცი იყო,

სამას ესეც ამოწმებს.

61.

მაშინ, როცა ხესავით

მოვითხრებით ძირით,

დავიშლები სნეული

ათასგვარი ჭირით, –

ჩემგან სურა გამოწვით

და თუ გინდათ აღვდგე,

მასში ღვინო ჩაასხით,

ჩემზე ნუღარ სტირით!

62.

ის, ვინც იშვა და იგრძნო სოფლის

ღელვა-დუღილი.

ხან ერგო ლხენა, ხან – დარდი და

გულის წუხილი, –

ერთხანს ხარობდა, მაგრამ შემდეგ

ისე დადუმდა,

და ისე სძინავს, ვერ აღვიძებს

ჭექა-ქუხილი.

63.

ჩემი გაჩენით სარგებელი

ღვერთს არ ჰქონია,

ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს,

არა მგონია.

მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს

არვინ მაძლევს,-

ეს წასვლა-მოსვლა მას რა მიზნით

მოუგონია?!

64.

კმაყოფილი არა ვარ

ამ განგებით ავითა,

ჩამოგვართმევს სიცოცხლეს,

გვტანჯავს წყლულით მწვავითა.

ვერვინ ვნახე ამ ქვეყნად

იმ ქვეყნიდან მოსული,

ვკითხო, – საით წავიდა,

ვინც აედან წავიდა?

65.

ბედმა ბევრი ჩვენისთანა

აჭრა, როგორც დარგო.

თავის ბედზე მწუხარება

აბა ვის რა არგო?

აბა, ერთი ამივსე და

მომაწოდე აქეთ,

აბა, ერთიც ხელმეორედ

მომაწოდე, კარგო!

66.

შესვი, თორემ გაუჩნდება

გულს წყლული და კეთრი,

რას გიშველის, უბედურო,

შენ ოქრო და თეთრი.

შესვი, თორემ, სულერთია,

შენი მტერი დალევს,

შესვი, სანამ გაცივდება

შენი ცხელი მკერდი.

67.

ბევრი ცოდნა შევიძინე,

ბევრი ვტეხე ღამე,

ბევრი სიბრძნე შევიცანი,

ძლიერ ბევრი და მე

მოვიპოვე ამის გამო

იმოდენა ცოდნა,

რომ მივუხვდი – ქვეყანაზე

არ მცოდნია რამე.

68.

ძმებო, მუდამ, როცა გექნეთ

ერთად შეყრის დღენი,

იქეიფეთ და ეს საქმე,

ვაჟკაცური ჰქენით:

როცა ღვინოს ერთად სვამდეთ,

მოგვიგონეთ ჩვენცა,

მოგვიგონეთ და დალიეთ

შესანდობი ჩვენი.

69.

რაც ამ ქვეყნად კი გვებადა,

თვალით მიგვეფარა,

რაც არ გვქონდა, იგი ხომ სულ

არ არის და არა.

ცხოვრებაზე ნუ იდარდებ,

დარდად არ ღირს იგი.

მხნედ იყავი, სულერთია,

რაც გაქვს, ისიც კმარა.

70.

შეხეთ, მკვდრები რომ გამხდარან

დღეს მიწა და მტვერი,

შეუცვლიათ ხასიათი,

შეუცვლიათ ფერი.

ვაი, ვაი, რა ღვინო სვეს

იმისთანა, რომ დღეს

ყველაფერი დაივიწყეს,

თითქმის ყველაფერი.

71.

კაცის წამებსა მის შეძლებას

აღმატებულა,

ღმერთმა თავიდან ის სიკვდილით

ავალდებულა.

ნეტავის იმას, ვისაც ქვეყნად

არ უცხოვრია,

ნეტავი იმას, ვინც სულაც არ

დაბადებულა!

72.

ვარდობის თვე დგას, ღვინოც ვარდის

ფერად ნაფერი!

ჩანგი და ნაი დაუკარი,

სვი და დათვერი.

მე ღვინო მინდა, შენ თუ ღვონო

არ გსიამოვნებს, –

მე რა მაძაგებ, – შხამი შენს პირს,

მიწა და მტვერი!

73.

დალიე ღვინო, თუ გსურს იყო

უკვდავი მარად,

თუ გსურს, მოხუცი გადაიქცე

ჭაბუკის დარად.

შესვი და გულ-ღვიძლს მწუხარების

ცეცხლი თუ გიწვავს, –

მის დასაქრობად ღვინის ერთი

ფიალა კმარა.

74.

გატეხე მარხვა, შიში ნუ გაქვს,

გაბედე, ჰქენი!

აჭამე მშიერს, ამას ითხოვს

კაცური ზნენი.

ნუ შეურაცხყოფ კაცს გულმართალს

საქმით და ენით,

განკითხვის დღეს კი მე ვიქნები

თავდები შენი.

75.

რამდენხანს გაძლებ შენ, ათასი

წელი თუ ასი,

სულერთი არის, ამას მაინც

ერთი აქვს ფასი.

გინდ მეფე იყავ, გინდ იყავი

გლახაკი ბაზრის,

შე საცოდავო, მაინც წახვალ,

არა აქვს აზრი!

76.

თუ დალევ ღვინოს, ეცადე სვა

გონიერ კაცთან,

ან მასთან, ვისთან გაქვს ტრფიალის

ვნება და განცდა.

ძლიერ ბევრს ნუ სვამ, ნუ დათვრები

ძალიან ხშირად,

ბედს დაუმადლე თუ ხალხისგან

გაკილვა აგცდა.

77.

ცისკრის ნიავმა დაუხია

სიბნელეს კალთა,

აბა, წამოდექ და დალიე

შავთვალა ქალთან.

დალიე, ძმაო, ბევრჯერ მოვა

ქვეყნად ცისკარი,

მაგრამ ჩვენ თვითონ არ გვექნება

სინათლე თვალთა.

78.

ომარ ხაიამ, ბედს არა აქვს

კდემა და რიდი.

შენი დათრგუნვა მისთვის საქმე

არაა დიდი.

სვი ბროლის ჭიკით მანამ, სანამ ბროლს სიცოცხლისას

სიკვდილის ხელით არ დაგიმსხვრევს

განგება ფლიდი.

79.

მიწის გულიდან ცის თაღამდე

როგორც მისანი,

ქვეყნის შეცნობას შევდგომოდი,

მქონდა მიზანი.

მე შევიცანი საიდუმლო

ცისა და ქვეყნის,

მაგრამ სიკვდილის საიდუმლო

ვერ შევიცანი.

80.

შესვი, ბედს ნუ ენდობი,

ან იმისი გჯერა კი?

შევი, თორემ სიკვდილის

ქარიშხალი ვერაგი

ცდილობს, როგორც დაფხრიწა

მან პერანგი ვარდისა,

ისე შემოგვაფხრიწოს

ჩვენც სიცოცხლის პერანგი.

81.

გულს ნურასდროს მიაკარებ

ვარამსა და სევდას.

ღვინო სვი და სევდა მაშინ

რაღას გაგიბედავს.

ვაზის ასულს მოუჯექი,

ინეტარე მასთან.

აკრძალული ასული სჯობს

შემოძლეულ დედას.

82.

კაცს იმორჩილებს ღვინის გემო,

სიტკბო და ყანდი.

ღვინის დალევით იფუშება

ყოველი ფანდი.

ღვინო რომ ეშმაკს დაელია,

მგონი მისთვისაც

ფეხთ გაეყარა მორჩილების

ხუნდი და ბანდი.

83.

ზეზე წამოდექ, გვსტუმრებია

ნათელი დილის.

ბროლის ფიალა შენც აივსე

ლალისფერ ღვინით.

სიკვდილის შემდეგ ვერ იპოვი

შენ ამ სიხარულს,

რასაც განიჭებს უბადრუკი

ცხოვრების ლხინი.

84.

საქმეს ვაებით ვერას შველის

ჭირის მნახველი,

ვინს ჯაფას გასწევს, გონიერის

მას აქვს სახელი.

იცხოვრე ლაღად, გულს ნურასდროს

ნუ შეიჭირვებ.

ოხვრა-წუწუნით არ მცირდება

დიდი ნაღველი.

85.

ორი დღეა ერთურთისთვის

არ მოგვიკრავს თვალი

(ჩემო კარგო, ჩვენ ხომ ღვინით

უნდა ვიყოთ მთვრალი!).

დილა მოდის, ღვინით შევხვდეთ,

დილა ბევრჯერ მოვა,

მაგრამ ქვეყნად არ იქნება

ჩვენი ყოფნის კვალი.

86.

თენდება უკვე, ღვინოს ვითხოვ,

ბროლებს და ლალებს.

სულელი არის, ვინც სახელზე

სწუხს და ვალალებს.

ამ ქვეყნად, ძმებო, ძალიან ბევრს

ნუ მოვისურვებთ,

მოდი, დავჯერდეთ ღვნინოს, ჩანგს და

ქალის დალალებს.

87.

ჩვენ ხანის გვირგვინს და ქეის თაჯს

ღვინოზე ვყიდით,

სამეფო სკიპტრა ჩვენთვის ნივთი

არ არის დიდი.

ჩვენ ერთი ჯამი ღვინო გვინდა

იმაზე უფრო,

ვიდრე ლოცვები ღვთის წინაშე,

ვედრება ფლიდი.

88.

ბედის ბადეში ვართ გაბმული,

მწერივით ვკვდებით.

ო, ჩვენი გული ითანგება

ჭირით და სნებით.

ვაიმე, ვაი! ჩვენი ნებით

აქ არ მოვსულვართ,

და არც აქედან არ მივდივართ

ჩვენ ჩვენივ ნებით.

89.

რომ მქონდეს ძალა ღვთის და არა

ადამის ძისა,

მე ზეცის ჩარხებს დავამხობდი,

დავცემდი ძირსა

და სხვას შევქმნიდი, რომ ხალხს ეგრძნო

თავისუფლება,

რომ ქვეყნად ბოლო მოიღებოდა

ვარამს და ჭირსა

90.

როცა სიკვდილი მოვა და მე

მომიგრეხს კისერს,

ერთი სურვილი შემისრულეთ,

დარდებს ნუ ისევთ:

ჩემი მიწიდან ღვინის დოქი

გამოწვით და შიგ

ღვინო ჩამისხით! გავცოცხლდები

მე ისევ მყისვე.

91.

ზამთარს ზაფხული ცვლის და თუმცა

საწუთრო ნინვლობს,

სიცოცხლის ჩვენის დღე ილევა,

მზა ჩვენი კნინობს.

დალიე ღვინო და კაეშნით

ნუ ილევ დღეებს! –

ყველა წუხილის წამალია,

მერწმუნე, ღვინო.

92.

არ გინდა, სულო, სულ ამ სოფლის

ჭირზე ვალალი;

ნურც წინაპართა ვარამს ებრძვი

გულით ალალი;

დალიე ღვინო, თორემ – ხედავ? –

დღეები ჩვენი

ისე მიჰყვება ნიავს, როგორც

ქალის დალალი!

93.

არ დავაკარებ შვების ღვინოს

ტუჩს ერთ წამით,

თუ არ დავცალე მანამ ტოლჩა

აღსავსე შხამით;

სხვის მარილს ისე არ დავაწობ

პურს, ეს იცოდე,

თუ საკუთარი გულის მწვადის

არ გავძეხ ჭამით.

94.

ნუ ჩამოგტირის სულ ცხვირ-პირი,

მუდამ ნუ კვნესი!

რას იზამ, სოფელს ამისთანა

ჰქონია წესი.

ჩემს და შენს საქმეს არც მე და შენ

გვკითხავენ, ძმაო,

რაც გვაწერია შუბლზე, უნდა

გარდაგვხვდეს, გესმის?

95.

აი, ეს მიწა, ცხოველები

ზედ რომ მიდიან, –

ქალის ზილფია. ეს აგური,

აქ რომ გიდვია, –

ქალწულის ლოყა და ბაგეა,

კაცის თავია,

დიდი ვეზირის მკლავია და

მეფის თითია!

96.

ერთ ჩემს ნაცნობ მედოქესთან

ვიყავ გუშინ დილას.

ჯერეთ მიწა მოთხარა და

მერე ფეხით ზილა.

მას ფეხქვეშ აუყვირდა

მიწა: – “ჰეი, ძმაო,

მეც შენსავით კაცი ვიყავ

ერთ დროს, ცოტა ფრთხილად!”

97.

ეს დოქი ალბათ სიყვარულით

დამწვარა ერთ დროს.

ეს თავი ალბათ მას საყვარლის

გულ-მკერდზე ედო.

ეს ხელი ალბათ მას მიჯნურის

წელზე ეხვია…

– ვაიმე, ასეთ ბედისწერას

ვით უნდა ენდო!

98.

მათ, ვითომ სოფლის რომ შეიცნეს

ავი და კარგი,

ცოდნის ჩირაღდნით გაგვიშუქეს

ყოველი დარგი,

ვერა და ვერა, ვერ მიაგნეს

ჭეშმარიტებას,

ზღაპრები ბუქეს და იმ ქვეყნის

წაიღეს ბარგი.

99.

სანამდის ბოღმა მოგახრჩობდეს,

(იყავი მარდი!) –

მოატანინე ძეგლი ღვინო

ფერად ვით ვარდი;

ოქრო არა ხარ, ჯიგარო, შენ,

დაგმარხონ ჯერე

და ამოგთხარონ მერე. შესვი,

მოიკალ დარდი!

100.

სულ გამიხუნდა სიჭაბუკის

ხასხასა წიგნი;

ისე გამიხმა ყრმობის ბაღი,

ვერ ვიშვებ შიგნით;

გაფრინდა, გულში სიხარულის

ჩიტი რომ მეჯდა

(საიდან მოდის ან სად მიდის,

ვინ მეტყვის, იგი?).

* * *

ასევე, შესანიშნავი რესურსი ომარ ხაიამის ნაშრომებზე არის ალექსანდრე ელერდაშვილის  საიტი natargmni.blogspot.com 😉

Advertisements

3 thoughts on “ომარ ხაიამი – ღვინო, დუდუკი, ქალები”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s