უიმე, ერთი თვეა არაფერი დამიწერია! სამაგიეროდ ეს 100-ე ჩანაწერია ჩემს საყვარელ, ხანდახან მიტოვებულ ბლოგზე. ამიტომ, დღეს რაღაც გემრიელს დავწერ.
მინდა გითხრათ, რომ მე მიყვარს github.com! არც თუ ძალიან დიდი ხანია ვიყენებ git-ს როგორც ვერსიათა მართვის სისტემას ჩემი სამსახურის პროექტებისთვის და ქმაყოფილი ვარ. გიტჰაბზე გამოწერილი მაქვს $7 პაკეტი, რომელშიც შედის შეუზღუდავი რაოდენობა ღია წყაროს რეპოზიტორიებისა და 5 პირადი საცავი. that pleases me greatly.
შემიძლია ვიმუშაო სახლიდან, სამსახურიდან, ლეპტოპიდან. და არ მიწევს ვინერვიულო, რომელ ფლეშკაზე და საერთოდ სად მაქვს პროექტის საბოლოო ვერსია. ყველაფერი ცენტრალიზებულ საცავშია 🙂 პაროლს არ გეტყვით, ნუ მაიმუნობთ
* * *
ესეიგი, ინტერნეტში მოიპოვება მშვენიერი სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გავმართოთ შესანიშნავი სერვისი github.com უბუნტუ ლინუქსისთვის: http://www.ubuntumanual.org/posts/393/how-to-setup-and-use-github-in-ubuntu
რადგან მე უბუნტუს აღარ ვიყენებ (ეშმაკს წაუღია კანონიკალი), გადავედი elementaryOS-სა და openSuse-ზე… სინამდვილეში, ყველა საოპერაციო სისტემისთვის ერთნაირი ნაბიჯები უნდა გადავდგათ:
- შექმენით თქვენი კომპიუტერისთვის უნიკალური SSH გასაღები
- დაარეგისტრირეთ ის თქვენს github.com ანგარიშზე (ანგარიშის მომართვის მენიუში)
კერძოდ კი:
- გახსენით თქვენი რჩეული ტერმინალი
- შეამოწმეთ გაქვთ თუ არა შექმნილი SSH გასაღებები:
$ cd ~/.ssh
თუ ამ კოდმა დააბრუნა “No such file or directory”, ესეიგი თქვენ საერთოდ არ გაქვთ SSH გასაღებები.
- შექმენით გასაღები ბრძანებით:
$ ssh-keygen -t rsa -f github_key -C "your_email@youremail.com"
ამ დროს მოგიწევთ ე.წ. passphrase-ის არჩევა. პაროლისნაირი რამეა. გუგლს ექნება ზუსტი პასუხი 😉
- შეიქმნება ორი ფაილი: github_key და github_key.pub; გახსენით მეორე ფაილი ტექსტურ რედაქტორში შემდეგნაირად:
$ gnome github_key.pub
ან
$ kate github_key.pub
ან
$ vi github_key.pub
- დააკოპირეთ მთლიანი ტექსტი, რომელიც წერია ფაილში.
- შედით github.com-ზე თქვენი “Account Settings” -> “SSH Keys” -> “Add SSH Key” და ჩასვით დაკოპირებული ტექსტი ველში “Key”, დაარქვით რაიმე სახელი, მაგალითად “Github on OpensusePC Home” და დააჭირეთ ღილაკს “Add Key”
სულ ეგაა. ახლა საჭიროა თქვენს სისტემაში ეყენოს git და მისთვის საჭირო ბიბლიოთეკები:
$ sudo zypper install git git-core git-gui git-doc
ასევე, საჭიროა გაიმართოს თქვენი git მონაცემები:
$ git config --global user.name "Your Name" $ git config --global user.email "your@email.com"
მუშაობა მოშორებულ საცავებთან
პროექტის გადმოწერა (კლონირება):
$ git clone git@github.com:username/projectname.git
სადაც username ავტორის სახელია, ხოლო projectname პროექტის დასახელებაა.
პროექტში ცვლილების შეტანა, შენახვა(კომიტი) და მოშორებულ საცავში გაგზავნა:
$ git add . $ git commit $ git push origin master
* * *
შეიძლება რაიმე ჩანაწერს გავაკეთებ git-ის შესახებ მალე(ოდესმე) 😉