მე ეს ომიც გამორჩა. წინა დღეს გავფრინდი ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად. იქ რომ ჩავედი, პირდაპირ დავიძინე. გამთენიისას ყველა მეკითხებოდა — რაო, საქართველოში ომის საქმეები როგორ მიდისო. მეთქი — რა ომი? რის ომი?! გუშინ ვიყავი – ქვეყანა შენდებოდა.
ვერ წარმოვიდგენ რა გაიარეს იმ დღეებში ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა, თანამემამულეებმა. გული კი მტკივა, ხელები კი მიკანკალებს რომ ვიხსენებ. იქ რომ ყოფილვიყავი და უშუალოდ განმეცადა, არ ვიცი დღეს როგორი ვიქნებოდი. ვიქნებოდი რომ?
ჩვენი ქვეყნის ყველა დამცველს, ყველა გმირს – უდიდესი პატივი და ხსოვნა. ჩვენ კი — ვისთვისაც ისინი იბრძოდნენ — არასოდეს დავივიწყოთ მათი თავდადება. ყოველთვის გვახსოვდეს რუსეთის აგრესია.
ვერ ვაპატიებ.
– – –
ჩანაწერი ლიბერალში:
მე 90-იანების თაობა ვარ. ის თაობა, რომელსაც არ ახსოვს სამაჩაბლო და ბუნდოვნად ახსოვს აფხაზეთი. ის თაობა, რომლისთვისაც სოხუმი ტელევიზორში ნანახი, ცეცხლწაკიდებული მთავრობის სახლის წინ მოცეკვავე გაბურძგნულ მეომართან ასოცირდება, ჭუბერი კი – თოვლიან გზაზე ადამიანების უწყვეტ ჯაჭვად გადაჭიმულ კადრთან. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლისთვისაც „სიგუას ნამცხვარი“ უცხო არ …